X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქალაქ ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია

20 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აგრძელებს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხის შემოწმებას. მინისტრი ადგილზე ეცნობა სამუშაოების პროგრესს, აკონტროლებს პროცესების შესაბამისობას განსაზღვრულ სტანდარტებთან და, ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მშენებლებთან და არქიტექტორებთან ერთად განიხილავს დაგეგმილი პროექტების ტექნიკურ დეტალებს.

ამჟამად მინისტრი სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა პროექტზე დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა. 

ქალაქ ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ხეივნის სრულ განახლებას და თანამედროვე, ფუნქციურად გამართული რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება ადაპტირებული და კომფორტული დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ქალაქში ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურბანული სივრცის ხარისხს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.

დაგეგმილი პროექტის დეტალები მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან,  საქართველოს პარლამენტის წევრთან, სამეგრელოს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან,  ბექა ვაჭარაძესთან  ერთად ადგილზე განიხილა.